ბუშე -ფრანგული დესერტი

ინგრედიენტები ცომისათვის:

10 კვერცხის ცილა

7 კვერცხის გული

6 სუფრის კოვზი შაქარი

1 ჭიქა ფქვილი

მომზადების წესები :

ღუმელი ჩავრთოთ და გავახუროთ 220 გრადუსზე.

კვერცხის გულები და ცილა გავაცალკავოთ.

კვერცხის ცილაში ჩავყაროთ მწიკვი მარილი და  3 ს.კოვზ  შაქრთან ერთად მოვამზადოთ ბეზე.ვთქვიფოთ მიქსერით.

ცალკე ავთქვიფოთ კვერცხის გულები გათეთრებამდე 3ს.კოვზ შაქართან ერთად.

გოგლიმოგლში ხის კოვზით ან ნიჩბით შევურიოთ ბეზე.

ფქვილს შევურიოთ შაქრიანი ვანილი და ხის კოვზით ან კულინარიული ნიჩაბით  ნაზად შევურიოთ კვერცხიან მასას

ულუფობით, ქვემოდან ზემოთ მიმართულებით.დიდხანს არ ამოვურიოთ,რომ ცომიდან არ გამოვდენოთ ჰაერის  ბუშტუკები.

ბისკვიტის ცომი გადავიტანოთ საკონდიტრო ტომარაში და თავის დიამეტრი უნდა იყოს 2 სანტიმეტრი.

დავსვათ ცხიმწასმულ ქაღალდზე ერთნაირი ზომის და ფორმის ბურთულები.გამოვაცხოთ 190 გრადუსზე 15-20 წუთი.

კარგად გაციებული ბურთულები ავაცილოთ ქაღალდიდან და  ორი ცალი მივაწებოთ კრემით.

კრემი :

75 მლ.წყალი

143 გრ.შაქარი

55 გრ.შედედებული რძე

235 გრ.კარაქი

მომზადების წესები :

წყლისა და საქრისგან მოვამზადოთ სიროფი.სიროფი მოვადუღოთ 110 გრადუსზე,შევურიოთ შედედებული რძე და გავაგრილოთ.

ავთქვიფოთ კარაქი და შევურიოთ  თხევადი მასა მიქსერით.კრემი

ზემოთა ნაწილი დავნამოთ  ჩვენთვის სასურველი სიროფით და ნამცხვარი რომ არ დაგვეშალოს გავაჩეროთ ერთი საათი.შემდეგ კი ზედა ნაწილი ამოვსვაროთ  შოკოლადის მინანქარში ან გავაფორმოთ სურვილისამებრ.

 

“იქსი ”არაჟნის ტორტი -რეცეპტი დედების წიგნიდან

ინგრედიენტები :

4 კვერცხი

200 გრ.შაქარი

200 გრ. არაჟანი

2 ჩაის კოვზი სოდა

360 -400 გრ.ფქვილი 

100გრ.კარტოფილის სახამებელი

ვანილი

კრემი :

200 გრამი კარაქი

200 გრ.შაქარი

200 გრ.არაჟანი

მომზადების წესები :

კვერცხი გათეთრებამდე ავთქვიფოთ შაქართან ერთად.

არაჟანში გავხსნათ სოდა.არაჟანი აფუვდება და შევურიოთ გოგლი- მოგლს.

მასას სევურიოთ დაცრილი ფქვილი და კარტოფილის სახამებელი.

მიღებული ცომი გავყოთ 3 ნაწილად.

ფორმას მოვუსვათ ცხიმი,მოვაყაროთ ფქვილი და გადავიტანოთ ცომის ერთი ნაწილი.გამოვაცხოთ 170 გრადუსზე .ფირფიტები მალე ცხვება.

კრემისათვის არაჟანი წინასწარ გავწუროთ დოლბანდში.

ოთახის ტემპერატურაზე დარბილებულ კარაქს შევათქვიფოთ შაქარი,უმჯობესია შაქრის პუდრა და ხის კოვზით შევურიოთ გაწურული არაჟანი.

200 გრ.ნიგოზი დავჭრათ.

ფენებს გვერდები ავათალოთ  და დავაქუცმაცოთ.

ავაწყოთ ტორტი   ; ფირფიტა-კრემი-დაჭრილი ნოგოზი.

ტორტს მოვაყაროთ თავისივე ნამცეცები.არაჟნის ტორტს ძალიან უხდება ასევე მონანქრიტაც გაფორმება.

 

შოკოლადის ტორტი მინანქრით

დესერტი სახელწოდებით  ” ობამა ” – ფაფუკი და არომატული შოკოლადის ბისკვიტები გაჟღენთილი  მინანქრით  ძალიან პოპულარულია დასავლეთ საქართველოში,კერძოდ კი სამეგრელოში. ნამცხვარი ძალიან მარტივი მოსამზადებელია  ნებისმიერი  ასაკის დიასახლისისათვის.

ინგრედიენტები  ერთი ბისკვიტისათვის:

6 კვერცხი

6 სუფრის კოვზი შაქარი

6 სუფრის  ფქვილი

5 სუფრის კოვზი კაკაო

1 ჩაის კოვზი სოდა ძმრით

2 სუფრის კოვზი თაფლი

მომზადების წესები :

მოვამზადოთ მშრალი ინგრედიენტები :  ფქვილი და კაკო ერთად გავცრათ.

კვერცხი შაქართან ერთად ავთქვიფოთ გათეთრებამდე,შემდეგ შევურიოთ თაფლი სოდა ძმრით და ფქვილი.

ფორმაში ჩავაფინოთ ქაღალდი,მოვუსვათ ცოტა ცხიმი,გადავიტანოთ ცომი და 180 გრადუსზე გამოვაცხოთ.

იგივე წესით და იმავე  რაოდენობის ინგრედიენტებით გამოვაცხოთ მეორე  შოკოლადის ბისკვიტი.

გაგრილებული ბისკვიტები გავჭრათ შუაზე.

ბისკვიტის ფირფიტები ერთმანეთზე დავაწყოთ.ფენებს შუა მოვასხათ ცხელი მინანქარი.რომ კარგად გაიჟღინთოს. მინანქარი მოვიტოვოთ და უკვე გაგრილებული გადავასხათ ნამცხვარს ზემოდან. ტორტი გავაფორმოთ სურვილისამებრ.

შოკოლადის მინანქარი :

400გრ.მოხარშული შედედებული რძე

200 გრ.კარაქი

12  სუფრის კოვზი შაქარი

2 სუფრის კოვზი კაკაო

100 მლ.წყალი

1 სუფრის კოვზი ზეთი ( სიპრიალისთვის)

1 ფილა შოკოლადი სურვილისამებრ

მომზადების წესები :

კაკო გავხსნათ წყალში.

მოხარშული შედედებული რძე, კარაქი და შაქარი შევურიოთ ერთმანეთს და 1-2 წუთი მოვადუღოთ, ჩავასხათ თხევადი კაკო,ზეთი  და ერთი წუთი  კიდევ ვადუღოთ.

ქვაბი გადმოვდგათ ცეცხლიდან და თუ სურვილი გვაქვს ,ოდნავ გაგრილებულში ჩავყაროთ შოკოლადის დატეხილი ფილა.

.

 

 

 

იტალიური დესერტი პანაკოტა

ინგრედიენტები :

500 მლ 35% ნაღები

1 ვანილის ჩხირი ან შაქრიანი ვანილი

130 მლ.რძე

50 გრ.შაქარი

10 გრ.ჟელატინი

50 მლ.წყალი

ხილის სოუსი :

250 გრ.ხილი

1,5 ჭიქა შაქარი

1 ჭიქა წყალი

ვანილი

ჟელატინს დავასხათ წყალი და 15 წუთი გავაჩეროთ ასაფუებლად.

ალუმინის ქვაბში ჩავასხათ ნაღები ,დავუმატოთ რძე, შაქარი , ვანილი და გავაცხელოთ.

ნარევი არ უნდა მივიყვანოთ ადუღებამდე.

ცხელ ნაღებში ჩავდოთ აფუებული ჟელატინი.

პანაკოტა ჩავასხათ მინის ჭიქაში, გადავაფაროთ პლასტიკი და 1 საათი შევდოთ მაცივარში.

ხილის სოუსი:

1 ჭიქა წყალში ჩავყაროთ შაქარი და მოვადუღოთ.სიროფი ვადუღოთ 10 წუთი.

ცხელ სიროფში ჩავყაროთ ხილი,დავახუროთ თავსახური და გავაციოთ.

პანაკოტას ჭიქიდან ამოსაღებად,ჭიქა 1-2 წუთი მოვათავსოთ ორთქლის აბაზანაზე,დავაფაროთ

თეფში და გადმოვაბრუნოთ.პანაკოტა გავაფორმოთ პიტნითა და ალუბლის ან კენკროვანის სოუსით.

ეკლერი

ინგრედიენტები :

125 მლ. წყალი

125 მლ.რძე

1/2 ჩ . კოვზი შაქარი

მწიკვი მარილი

4-5 კვერცხი

100 გრ.კარაქი

150 გრ.ფქვილი

ცომის მე-2 ვერსია

250 მლ.წყალი

100 გრ.კარაქი

100 გრ.ფქვილი

1/3 ჩ.კოვზი მარილი

4 კვერცხი

მომზადების წესები :

რძე და წყალი ერთმანეთში შევურიოთ,ჩავყაროთ შაქარი,მწიკვი მარილი და ავადუღოთ.

როგორც კი წამოდუღდება ჩავაგდოთ კარაქი ,დავაცადოთ კარაქს გადნობა.

ადუღებულ სითხეში ჩავყაროთ ერთბაშად ფქვილი,მოვურიოთ ხის კოვზით,როგორც კი ცომი ქვაბის კედლებს მოშორდება,ერთ გუნდად შეიკვრება,მზადაა.

ცომი გადმოვდგათ და გავაგრილოთ.

ცალკე ავთქვიფოთ კვერცხი,ნელ-ნელა შევათქვიფოთ გაგრილებულ მასას მიქსერის დახმარებით.

თუნუქის ფირფიტაზე დავაფინოთ პერგამენტის ქაღალდი.ცომი გადავიტანოთ საკონდიტრო ტომარაში და დავსვათ ჩვენთვის სასურველი ზომის ბურთები ერთმანეთისაგან მოშორებით ან მივცეთ ეკლერის,რგოლის  ფორმა.

შეგვიძლია კულინარიულ ტომარას გავუკეთოთ ვარსკვლავისებური თავი.

ღუმელი წინასწარ გავახუროთ 200 გრადუსზე და ვაცხობთ ქვედა წვაზე.პირველი 10 წუთი დავაცადოთ შუს ან ეკლერს  ამოსვლა.

ღუმელის კარები არ გამოვაღოთ ,ისე დავწიოთ ტემპერატურა 180 გრადუსამდე და ვაცხობთ კიდევ 20 წუთი.საჭიროებისამებრ, ჩავრთოთ ბოლო 1 წუთი ზედა წვა.

გამოვრთოთ ღუმელი,კარები არ გამოვაღოთ და შუ ან ეკლერი ღუმელშივე გავაგრილოთ .

შუ ან ეკლერი ამოვავსოთ მოხარშული კრემი პატისიერით ან კარამელის კრემით .ზემოდან მოვასხათ შოკოლდის განში ან შაქრის მინანქარი.

“ქუქისი”-ამერიკული ორცხობილა ხრაშუნა კანით და ნოტიო გულით

 გთვაზობთ ამერიკული ორცხობილის ზუსტ რეცეპტს. მომზადების წესი ძალიან მარტივია   და ამიტომაც ბავშვებსაც კი შეუძლიათ მისი გამოცხობა. 

ინგრედიენტები :

120 გრ. კარაქი

50 გრ. კვერცხი

160 გრ. ფქვილი

50 გრ. თეთრი შაქარი

50 გრ. ყავისფერი შაქარი

6 გრ. გამაფხვიერებელი

მწიკვი მარილი

100 გრ. შავი ან რძიანი შოკოლადი

მომზადების წესები :

ფქვილში შევურიოთ მარილი და გამაფხვიერებელი.

შოკოლადი დავჭრათ წვრილ კუბებად და გავყოთ 2 ნაწილად.

ოთახის ტემპერატურაზზე დარბილებულ კარაქს შევურიოთ შაქარი და კვერცხი.ხელის სათქვეფით ავთქვიფოთ.

გათქვეფილ მასას  ნიჩბით შევურიოთ მშრალი ინგრედიენტები და კუბებად დაჭრილი შოკოლადის ნახევარი. მთლიანად არ ჩავყაროთ იმიტომ, რომ  ცომი ცხობისას სკდება და იღებს ცუდ ფორმას.

საცხობ ფირფიტაზე დავაფინოთ ქაღალდი, ავიღოთ ერთი სუფრის კოვზის ოდენობის ცომი, მოვამრგვალოთ, დავაწყოთ ფირფიტაზე ერთმანეთისაგან დაშორებით,ცხობისას ძალიან იზრდება და თითოეულს ზემოდან ჩავარჭოთ დაახლოებით 3 ცალი შოკოლადის კუბი.

გამოვაცხოთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 15 წუთი.

ეს ორცხობილა ძალიან გემრიელია!

რევანი – თურქული სამზარეულო

რევანი კლასიკური დესერტია, რომელიც თურქულ სამზარეულოში ოსმალეთის იმპერიის დროიდან არსებობს. მას ზოგჯერ რაბანსაც უწოდებენ.

არსებობს მოსაზრება, რომ დესერტმა მიიღო სახელი რევანი, როდესაც XVI საუკუნეში ოსმალებმა დაიპყრეს ქალაქი ერევანი. რევანის ბრძოლამ (ასე ერქვა იმ დროს სომხეთის დედაქალაქს) სახელი მიანიჭა ამ ცნობილ დესერტს.

ასევე არსებობს ვერსია, რომ სახელი რევანი მომდინარეობს პოეტის რევანის სახელიდან, რომელიც მე -15 და მე -16 საუკუნეებს შორის ცხოვრობდა თურქეთში.

ინგრედიენტები :

3 კვერცხი

1,5 ჭიქა მანანის ბურღული

0,5 ჭიქა შაქარი

1 სუფრის კოვზი მაწონი

1 ჭიქა ზეთი

1 ჭიქა ფქვილი

10 გრ.გამაფხვიერებელი

ვანილი

შერბეტი მოსასხმელად:

3 ჭიქა შაქარი

3 ჭიქა წყალი

ლიმონის წვეთები

მომზადების წესები :

პირველ  ეტაპზე მოვამზადოთ შერბეტი: წყალი და შაქარი ერთად ვადუღოთ 10 წუთი,ბოლოს შევურიოთ ლიმონის წვენი.

მოვამზადოთ ბისკვიტი:

მშრალი ინგრედიენტები შევურიოთ.

კვერცხი ავთქვიფოთ, დავუმატოთ მაწონი და შევურიოთ მშრალი ინგრედიენტები .

თუნუქის ფირფიტას წავუსვათ კარაქი.

ფირფიტაზე ტანაბრად გადავანაწილოთ ცომი და გამოვაცხოთ 20-25 წუთი 160 გრადუსზე.

ოდნავ გაგრილებულ ნამცხვარს მოვასხათ  ცივი შერბეტი.

რევანი დავჭრათ ნაჭრებად. მოვაყაროთ თხილი .  ეს თურქული დესერტი ძალიან გემრიელია!

 

 

 

 

მარწყვის კრემი დესერტების და ტორტების გასაფორმებლად

    დღეს ჩვენ მოვამზადებთ გამრიელ და არომატულ მაწყვის კრემს ნაღებისა და ჟელატინის გარეშე.კრემი არის ძალიან სტაბილური და გამოიყენება , როგორც დესერტების გასაფორმებლად , ასევე ტორტის ბისკვიტის გასალესად.

ინგრედიენტები :

250 გრ.მარწყვის პიურე

90 გრ.შაქარი 

100 გრ.კარაქი

1 კვერცხი

30 გრ.სახამებელი 

მომზადების წესები :

მარწყვი დავაბლენდეროთ, გავატაროთ საცერში და შაქართან ერთად მოვადუღოთ.

კვერცხში შევურიოთ სახამებელი, ჩავასხათ წვრილი ჭავლით ცხელი მაწყვის პიურე, განუწყვეტლივ ვურიოთ, რომ კვერცხი  არ აგვიჭრას. შემდეგ  ქვაბი ცეცხლზე დავაბრუნოთ და მოვადუღოთ ფაფა.

ფაფა გადავიტანოთ სხვა  თასში,გადავაფაროთ პლასტიკი კონტაქტში და ისე გავაგრილოთ.

გაგრილებულ ფაფას შევათქვიფოთ  ოთახის ტემპერატურაზე დარბილებული კარქი და ნახევარი საათი შევდოთ  მაცივარში სტაბილიზაციისათვის.

აღნიშნული რაოდენობის  მარწყვის კრემით შეგვიძლია,გავაფორმოთ 12 ქაფქეიქი და გავლესოთ 16 დიამეტრის ტორტის ბისკვიტი.

სადღესასწაულო ტორტი “ბაჭია”

ძალიან ლამაზი თეთრი სააღდგომო  “ბაჭია”დაამშვენებს ნებისმიერ ტკბილ სუფრას . გარდა ამისა, მისი შესრულება ძალიან მარტივია, რადგან არ არის საჭირო მუცლისა  და ყურების გამოძერწვა .

მომზადების წესები :

გამოვაცხოთ ბისკვიტი ნებისმიერი ფორმით, რომელსაც აქვს ნახევარსფეროს ფორმა.ბისკვიტი გავჭრათ  შუაზე .ფენებს შორის წავუსვათ კრემი.

ბისკვიტი გარედან მთლიანად დავფაროთ კრემით.

ჩამონაჭრელებით დავამზადოთ ბურთები,რომლებსაც  ჯერ ამოვსვრით კრემში და შემდეგ ქოქოსის ფანტელებში.

ჩვენ ასევე ვფარავთ სხეულს ქოქოსის ფანტელებით .

ბაჭიას თათები გამოვძერწოთ მასტიკით ან ზეფირით,ხოლო ბალიშები ვარდისფერი მასტიკით.

სადგამზე დავაკრათ მწვანე ფერის მასტიკა და  მიღებულ მინდორზე დავდოთ ბაჭიას სხეული.

შოკოლადის ორცხობილა დავაქუცმაცოთ და ირგვლივ მოვაყაროთ,ვითომ მიწაა.სხეულს გავუკეთოთ თათები და ჩავამაგროთ კუდი.

 

ხაჭოს კრემი შედედებული რძით დესერტებისა და ნამცხვრებისათვის

  წარმოუდგენლად მსუბუქი და დელიკატური ხაჭოს კრემი, რომელიც გამოიყენება ტარტლეტების,  შუს ,ეკლერისან  სხვა საკონდიტრო ნაწარმისთვის. მე მზად ვარ გაგიზიაროთ ჩემი საყვარელი  ხაჭოს კრემის  რეცეპტი.

    ეს არის ძირითადი  საბაზისო რეცეპტი, რომლის მომზადებაც მარტივია. არაჩვეულებრივად გემრიელი დესერტი აღმოჩნდება, თუ თქვენს საყვარელ კენკრას დაამატებთ მზა კრემს. ხაჭოსგან კრემის დამზადებას მხოლოდ რამდენიმე წუთი დაგჭირდებათ.  სანამ  კრემი  მაცივარში “დაისვენებს”, შეგიძლიათ გამოაცხოთ ბისკვიტი.

ინგრედიენტები :

300 გრ.ხაჭო

175 გრ.ნაღების კარაქი

1 სუფრის კოვზი კონიაკი

1 შეკვრა შაქრიანი ვანილი

65 გრ.შედედებული რძე

90 გრ.შაქრის პუდრა

მომზადების წესები :

ხაჭო დაბაბლენდეროთ.

175 გრ.კარაქი და შაქრის პუდრა  ვანილი ავთქვიფოთ.

ტკბილ კარაქს შევათქვიფოთ ულუფობით შედედებული რძე, დაბლენდერებული ხაჭო და ბოლოს კონიაკი.