სააღდგომო ტორტი ”ბაჭია ”

ინგრედიენტები :

1 ცალი ბისკვიტი

ცივი კარაქის კრემი

თეთრი,ვარდისფერი,შავი შაქრის მასტიკა

ხის ჩხირები

მომზადების წესები:

შაქრის მასტიკისაგან გავაკეთოთ ბაჭიას ყურები.

 

    საკონდიტრო ტომარაში ჩავდოთ კრემი.

ტორტი გვერდები და ზემოდან გავაფორმოთ ისე,როგორც ეს სურათზეა ნაჩვენები.

სულ ესაა! ასე მარტივად მოვამზადეთ სააღდგომო ტორტი ” ბაჭია”.

    

 

    

  

სააღდგომო ჩაქაფულის ბურთულები

ინრედიენტები:

700 გრ.ხორცის ფარში

1 ჭიქა თეთრი ღვინო

1 კონა ტარხუნა

1 კონა ქინძი

ნახ.კონა მწვანე ხახვი

1 ლიტრა ზეთი

4 კვერცხი

საფანელი

ფქვილი

მარილი,წიწაკა გემოვნებით

მომზადების წესები :

ფარში შევურიოთ წვრილად დაჭრილი მწვანილები,მარილი,წიწაკა.1 კვერცხი დავუმატოთ,რომ შეწვისას ფარში არ დაიშალოს.

მოვამზადოთ ფარშის ბურთულები.ყოველი ბურთულას შუაში მოვაქციოთ ერთი ტყემალი.

ღუმელის ტაფას წავუსვათ კარაქი,დავასხათ 1 ჭიქა თეთრი ღვინო,დავალაგოთ ჩაქაფულის ბურთები,ალუმინის ფირფიტა გადავაფაროთ.ღუმელში მაღალ ტემპერატურაზე ღვინო აორთქლდება და გაუჯდება ჩაქაფულის ბურთულებს.ფარშის ბურთები 200 გრადუსზე ღუმელში  შევწვათ .

ქვაბში ჩავასხათ ზეთი და ავადუღოთ.

კვერცხი გავთქვიფოთ ცოტა რძესთან ერთად,მოვაყაროთ მარილი.

ბურთები ამოვავლოთ თანმიმდევრობით ფქვილში,კვერცხში,საფანელში. მეორედაც იგივე გავიმეოროთ. ბურთები ჩავყაროთ ადუღებულ ზეთში და შევწვათ.ჩაქაფულის ბურთები მზად არის!

 

 

 

 

იტალიური პასკა “პანეტონე”

ინგრედიენტები :

550 გრ.ფქვილი

20 გრ.საფუარი

180 მლ.რძე

200 გრ.შაქარი

200 გრ.ნაღების კარაქი

6 კვერცხის გული

200 გრ.ქიშმიში

30 მლ.კონიაკი

1 ლიმონის ცედრა

1 ფორთოხლის ცედრა

1 შეკვრა შაქრიანი ვანილი

სანელებლები დარიჩინი,კოჭა,კარდამონი

მომზადების წესები :

2 ს.კოვზ  შაქარს დავუმატოთ 20 გრ.საფუარი და გავხსნათ თბილ რძეში, გავაჩეროთ 10 წუთი თბილ ადგილას.

ქიშმიში დავალბოთ კონიაკში.

კვერცხის გულები ავთქვიფოთ შაქართან ერთად,შევათქვიფოთ კუბებად დაჭრილი ,ოთახის ტემპერატურაზე დარბილებული კარაქი,შევურიოთ ლიმონის,ფორთოხლის ცედრა,ვანილი,სანელებლები.

მიღებული მასა  გადავიტანოთ  ხაშში(ოპარა),დავუმატოთ ფქვილი,ქიშმიში კონიაკთან ერთად.

გადმოვიტანოთ ცომი ფქვილმოყრილ მაგიდაზე და ვზილოთ 10-12 წუთი.

კულიჩის ცომი გადავიტანოთ ქვაბში,დავაფაროთ ხელსახოვი,გავაჩეროთ თბილ ადგილას 2-3  საათი.

ცომი გავყოთ 2 ნაწილად,გადავიტანოთ ქაღალდის ფორმაში და გავაჩეროთ კიდევ 2-3 საათი.

კულიჩის ცომი ფორმებში ამოვა,ზემოდან დანით ჯვარი გავუკეთოთ , ფუნჯით გადავუსვათ გამდნარი კარაქი, გამოვაცხოთ 180 გრადუსზე 40-50 წუთი.

ზემოდან შეგვიძლია გავაფორმოთ თეთრი მინანქრით.

 

 

 

ჰაეროვანი,არომატული და უგემრიელესი პასკა

ინგრედიენტები:

150 მლ.რძე

1 ს.კოვზი შაქარი

2 ჩ.კოვზი საფუარი

150-200  გრ. ფქვილი

3 კვერცხი

100 გრ.კარაქი

70 გრ.ქიშმიში

70 გრ.ცუკატები

1/4 ჩ.კოვზი დარიჩინი

1/4 ჩ.კოვზი ილი

1/4 ჩ.კოვზი მუსკატის კაკალი

1 ჩ.კოვზი კონიაკი

 

 

მომზადების წესები :

თბილ რძეში გავხსნათ შაქარი და საფუარი,გავაჩეროთ 15 წუთი თბილ ადგილას.

შემდეგ შევურიოთ 3 0 გრ.  ფქვილი,მივიღებთ თხევად მასას და გავაჩეროთ თბილად  რამდენიმე საათი, სანამ მასა არ გაორმაგდება.

3 კვერცხის გულისა და შაქრისაგან გავაკეთოთ გოგლი – მოგლი.

3 კვერცხის ცილა კი შევინახოთ მაცივარში.

საფუარიან მასას შევურიოთ გოგლი მოგლი,ნელ-ნელა  შევურიოთ   180 გრ.ფქვილი, 1 შეკვრა შაქრიანი ვანილი .

ცალკე ავთქვიფოთ კვერცხის ცილა მწიკ მარილთან ერთად  და ულუფებად შევურიოთ ცომს.შემდეგ დავუმატოთ ნახევარი ლიმონის ან ფორთოხლის ცედრა წვენთან ერთად და 1 ჩ. კოვზი კონიაკი.

თასს გადავაფაროთ ტილო,დავდოთ თბილ ადგილას 4 საათი.ცომს შევაზილოთ ოთახის ტემპერატურაზე დარბილებული 100 გრ.კარაქი  და  შევურიოთ კონიაკში დარბილებული 70 გრ.შავი ქიშმიში,70 გრ.ცუკატები ,1/4 ჩ.კოვზი დარიჩინი,1/4 ჩ.კოვზი ილი,1/4 ჩ.კოვზი მუსკატის კაკალი.

ქაღალდის ფორმებს წავუსვათ ზეთი,ჩავდოთ პასკის ცომი 1/3 ზე,დავაცადოთ  ცომს ამოსვლა  და გამოვაცხოთ 170 გრადუსზე წინასწარ გახურებულ ღუმელში 40-50 წუთი.

რჩევა:ცუკატებსა და ქიშმიშს წინა ღამით დავასხათ  2 ს.კ  თბილ წყალსა და კონიაკის ნაზავი.

ცომი უნდა იყოს თხელი და საფუარი გავუკეთოთ ცოტა,რომ კულიჩი გამოგვივიდეს გემრიელი,ჰაეროვანი და ნოტიო.

 

 

 

ბერძნული კულიჩი – სააღდგომო პასკა მაწვნის ცომით

ინგრედიენტები :

200 მლ.მაწონი

3 კვერცხი

200 გრ.შაქარი

500 გრ.ფქვილი

100 გრ.ცუკატი

60 გრ.თეთრი ქიშმიში

60 გრ.შავი ქიშმიში

50 გრ.დაჭრილი თხილი ან ნუში სურვილისამებრ

ცომის ხაშისათვის ( ოპარა) :

2 ს.კოვზი შაქარი

2 ს.კოვზი საფუარი

175 მლ.წყალი

სანელებლები:

ჯავზი

კოჭა

კარდამონი

დარიჩინი

მიხაკი

მომზადების წესები :

ბერძნული პასკა არის ძალიან გემრიელი, ნაკლებ ცხიმიანი და ცოტა  მშრალი,რადგანაც მაწონზე არის მომზადებული.

თბილ წყალში გავხსნათ საფუარი და შაქარი,გადავაფაროთ საკვების შესაფუთი პარკი და გავაჩეროთ თბილ ადგილას 10 წუთი.

ამოსულ მასას შევურიოთ 250 გრ.ფქვილი,მაწონი,შაქარი,კვერცხი და გავაჩეროთ თბილ ადგილას 40 წუთი.

40 წუთის შემდეგ ვუმატებთ 250 გრ.ფქვილს,სანელებლებს და ცუკატებს,ქიშმიშს, თასს მოვახვიოთ პლასტიკი და დავტოვოთ თბილ ადგილას 30 წუთი.

პასკის ცომი გადავიტანოთ ქაღალდის ფორმებში,დავასვენოთ 10-15 წუთი,გამოვაცხოთ 170 გრადუსზეწინასწარ გახურებულ ღუმელში 45-55 წუთი.

750 გრამიანი პასკის გამოცხობას ჭირდება 55 წუთი.ღუმელი უნდა ჩავრთოთ მარტო ქვედა წვაზე.

 

 

კვიპრული პასკა – ფლაუნესი

ინგრედიენტები :

530 გრ.ფქვილი

4 კვერცხი

200 მლ.რძე

20 გრ.კარაქი

100 გრ.ყველი სულგუნი

100 გრ.ყველი ჩედარი

2 ტოტი ნედლი პიტნა

75 გრ.ქიშმიში

8 გრ.დაფქული დარიჩინი

50 გრ.შაქარი

10 გრ.მარილი

7 გრ.გამაფხვიერებელი

15 გრ.სეზამის მარცვლები

მომზადების წესები :

480 გრ.ფქვილში შევურიოთ მარილი, შაქარი, გამაფხვიერებელი.

ფქვილში ჩავახეხოთ კარაქი და ხელით ავაფხვიეროთ,დავუმატოთ 1კვერცხი, რძე,მოვზილოთ ცომი ,შევახვიოთ პლასტიკში, დავასვენოთ  ნახ.საათი .

ქიშმიში ჩავალბოთ ცხელ წყალში,30 წუთის შემდეგ გავწუროთ  და შევამშრალოთ ქაღალდის ხელსახოცით.

პიტნის ფოთლები წვრილად დავჭრათ.

ცალკე თასში გავხეხოთ ყველი სულგუნი, ჩედარი, შევურიოთ 1 კვერცხი,1 ჩ,კოვზი დარიჩინი,2 ს.კოვზი ფქვილი,ქიშმიში.

ღუმელი გავახუროთ 160 გრადუსზე.

ცომი გავყოთ 3 ნაწილად, თითეული გავაბრტყელოთ 5 მმ-ის სისქეზე და გამოვჭრათ ჭიქით რგოლები.

რგოლებში მოვათავსოთ გულსართი,ნაპირებზე მოვუსვათ წყალი და შევაწებოთ ისე,როგორც სურათზე არის ნაჩვენები,მივიღებთ სამკუთხედის ფორმის ღვეზელებს.

ფირფიტზე  ქაღალდი დავაფინოთ.

კვიპრული  ფლაუნესები გადავიტანოთ ღუმელის ფირფიტაზე, გადავუსვათ გათქვეფილი კვერცხი, მოვაყაროთ სეზამის მარცვლები და 20 წუთი გამოვაცხოთ 160 გრადუსზე.

 

 

 

 

პასკა(კულიჩი) – მარტივი და დასამახსოვრებელი რეცეპტი

ინგრედიენტები 2 საშუალო ზომის პასკისათვის ;

5 საშუალო ზომის  კვერცხი

150 გრ.შაქარი

25-30  მლ.რძე

6 გრ.საფუარი (საფუარი უნდა იყოს ვადიანი)

180 გრ.ნაღების კარაქი

380 გრ.ფქვილი

70 გრ.ქიშმიში

70 გრ.ცუკატი

ილი,მუსკატის კაკალი,დარიჩინი,ჯანჯაფილი(დანის წვერით)

1 ლიმონის  ან ფორთოხლის ცედრა.

მომზადების წესები :

ქიშმიში,ცუკატი წინასწარ გავრეცხოთ,ქაღალდის  ხელსახოცხე დავყაროთ და ისე შევამშრალოთ.

ფქვილი საფუარი,მარილი ,სანელებლები ერთმანეთში შევურიოთ.

კარაქი გავაცივოთ და კუბებად დავჭრათ.

თასში მოვათავსოთ კვერცხი.დავუმატოთ რძე ,შაქარი და მიქსერით გავთქვიფოთ.მასას   შევათქვიფოთ  ფქვილი .

ცომს მიქსერით (შესაძლებელია ხელითაც,მაგრამ ძალიან რთულია)შევაზილოთ ცალ-ცალკე კარაქის კუბები და დაახლოებით 15-20 წუთი ვზილოთ.

ცომი გახდება ელასტიური,რეზინასავით წელვადი.

პასკის ცომი დიდი ზომის თასში გადავიტანოთ,ქსოვილის ტილო გადავაფაროთ და 3-4 საათი მოვათავსოთ თბილ ადგილას.

ამოსული ცომი წრიული მოძრაობებით ფრთხილად ჩავზილოთ.თასს გადავაფაროთ საკვების შესაფუთი პარკი დამინიმუმ 5 საათი(უმჯობესია, თუ გავაჩერებთ მთელი ღამე) შევინახოთ მაცივარში(ქვედა თაროზე).

ცომი მაცივარში ძალიან ნელა ამოსვლას გააგრძელებს.

დილით გამოვიტანოთ კულჩის ცომი და ზეთიანი ხელებით ჩავზილოთ,შევურიოთ ცუკატები,ლიმონის ცედრა,ქიშმიში.

ცომი გადავანაწილოთ 1/3 -ზე ფორმებში,ტილო გადავაფაროთ და დაველოდოთ, სანამ მესამედ ამოვა.

ამოსულ პასკის ცომს თავზე წავუსვათ კვერცხის გული(1 კვერცხის გული ავთქვიფოთ 1 ს.კოვზ წყალთან ერთად) და 170 გრადუსზე 40-60 წუთის

განმავლობაში გამოვაცხობთ.პასკის ცხობისას სასურველია ,რომ პირველი 15 წუთი ღუმელი არ გამოვაღოთ.

გამომცხვარი კულიჩი გავაცივოთ და გავაფორმოთ სურვილისამებრ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ქაბაბი ქართულად

ინგრედიენტები :

1კგ.ძროხის ხორცის ფარში

600 გრ.ღორის ხორცის ფარში

1 ცალი მწარე წიწაკა

1 ჩ.კოვზი ძირა

50 გრ.ქინძი

2 თავი ხახვი

მარილი,შავი წიწაკა

თხელი ლავაში

კოწახურის მარცვლები

ბროწეულის მარცვლები

1 ჩ.კოვზი სოდა ძმრით-საიდუმლო ინგრედიენტი

მომზადების წესები :

1 თავი ხახვი,ქინძი  ძალიან წვრილად დავჭრათ.

ფარში ხახვი,ქინძი,  ძირა ,მწარე წიწაკა  ,კოწახურის მარცვლები (ან დაფქული) შევურიოთ. დავუმატოთ მარილი და  შავი წიწაკა.

ბოლოს დავუმატოთ სოდა ძმრით,კარგად მოვურიოთ ,გადავიტანოთ  პარკში და ფარში “გავლახოთ” ანუ მთელი ძალით რამოდენიმეჯერ ვახეთქებთ მაგიდაზე.შემდეგ შევიმახოთ მაცივარში 2 საათი.

ფარშისგან  პატარა გუნდები მოვამზადოთ და თითოეულს მივცეთ მოგრძო ფორმა.

ხახვი ნახევარრგოლებად დავჭრათ და  ადუღებულ წყალში 1-2 წუთი ჩავყაროთ.

თასში 50 -100 მლ წითელი ღვინის  ძმარი ჩავასხათ  და შევურიოთ მარილი,შავი წიწაკა გემოვნებით,1ჩ.კოვზი შაქარი.მიღებულ ნარევში მოვათავსოთ ხახვი.

თხელი ლავაში დავჭრათ .

ქინძი წვრილად დავჭრათ და მასში შევურიოთ ბროწეულის მარცვლები.

ქაბაბი ორივე მხრიდან  ტაფაზე ან გრილზე შევწვათ.

ლავაშის ფურცელზე ჯერ  ქინძი და ბროწეულის მარცვლები ,შემდეგ ზემოდან ქაბაბი  მოვათავსოთ ,მოვაყაროთ დამარინადებული ხახვი,გადავახვიოთ,დავალაგოთ თეფშზე.

რჩევა: თუ გვინდა,რომ ქაბაბი არ დაიშალოს,დავუმატოთ საიდუმლო ინგრედიენტია  სოდა ძმრით.

ქაბაბის მომზადების მეორე ვერსია :

800  გრ. საქონლის ხორცი

200-300 გრ.ქათმის ფილე  – საიდუმლო ინგრედიენტი 

100 გრ.ღორის  ქონი

1 ცალი მწარე წიწაკა

1 ჩ.კოვზი ძირა

50 გრ.ქინძი

2 თავი ხახვი

მარილი,შავი წიწაკა

თხელი ლავაში

კოწახურის მარცვლები

ბროწეულის მარცვლები

მომზადების წესი იგივეა.

 

 

შილაფლავი

ინგრედიენტები:

400 გრ.ბატკნის ხორცი

50 გრ.დუმა

150 გრ.ბრინჯი

1 თავი თეთრი ხახვი

350 მლ.წყალი  ან 150 მლ ბულიონი და 200 მლ.წყალი

1 ს.კოვზი კვლიავი

1 ს.კოვზი  ძირა

მარილი,შავი პილპილი გემოვნებით.

მომზადების წესები :

დუმა წვრილად დავჭრათ და მოვშუშოთ,დავაყაროთ ხახვი და ერთად ვშუშოთ.შევეცადოთ ხახვი არ დაგვეწვას. წვრილად დაჭრილი ბატკნის ხორცი დავაყაროთ  და გავაგრძელოთ შუშვა. თან ვურიოთ,რომ არ დაგვეწვას. შუშვის დროს მოვაყაროთ ძირა ,შავი პილპილი და კვლიავი.ბოლოს დავაყაროთ ბრინჯი და  2 წუთი მოვხალოთ ხორცში და ცხიმში.

ქვაბში ჩავასხათ წყალი,ბულიონი და დაველოდოთ კერძის მომზადებას.

მზა კერძი შევაზავოთ მარილით.

 

 

 

 

ჩაშუშული

ინგრედიენტები:

400 გრ.ხბოს ხორცი

3 ცალი პომიდორი

2 ს.კ.პამიდვრის წვენი

5 კბილი ნიორი

4 თავი ხახვი

როზმარინის 2 ტოტი

მწარე მწვანე წიწაკა და აჯიკა გემოვნებით

1/2 ჩ.კოვზი უცხო სუნელი

50-50 გრ.კამა და ოხრახურში

მომზადების  წესები :

ხახვი,ბულგარული  ნახევარ რგოლებად დავჭრათ.

გახურებულ ტაფაზე დავასხათ ზეთი და  ხახვი,ბულგარული წიწაკა,ნიორი ცალ-ცალკე  შევწვათ.

ხორცი მსხვილ,მოგრძო ნაჭრებად დავჭრათ,მოვასხათ ზეთი,მოვაყაროთ მარილი და ორივე მხრიდან შევწვათ.

პამიდორი  4-ად გავჭრათ.მწვანილი დავჭრათ.

ღრმა ტაფაში ხახვი,ბულგარული ,ნიორი ,ხორცი  ერთად მოვათავსოთ.აჯიკა,წიწაკა,უცხო სუნელი,პამიდვრის წვენი დავუმატოთ და ჩავშუშოთ.

ჩაშუშულს ბოლოს ჯერ  მწვანილი  ,შემდეგ პამიდორი დავუმატოთ და ცეცხლზე გავაჩეროთ ცოტა ხნით.მოვაყაროთ მარილი.

თუ გვსურს,ჩაშუშული  წვნიანი გამოგვივიდეს, პამიდვრის წვენი სასურველი რაოდენობის დავუმატოთ.